საქართველო-რუსეთი

Georgian Airways-ი, სავარაუდოდ, თბილისი-მაჰაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

დაღესტნის აეროპორტი
RCB

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, სავარაუდოდ, თბილისი-მაჰაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია მაჰაჩყალის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე ფრენების განრიგშია მოცემული

ამავე ინფორმაციით, რეისები 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. 

Georgian Airways-ს, ისევე როგორც საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას ფრენების დაწყების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. ამჟამად ავიაკომპანია თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ფრენებს ასრულებს.

ამასთან, საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიის Red Wings-ის ფრენები მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებითაა დაგეგმილი. კიდევ ერთი რუსული კომპანია Азимут-ის თვითმფრინავები ფრენებს ასრულებს შემდეგი მიმართულებებით: მოსკოვი - თბილისი - მოსკოვი, სოჭი - თბილისი - სოჭი, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვი, მინერალნიე-ვოდი - თბილისი - მინერალნიე-ვოდი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.


29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში თელ-ავივიდან ჩამოსულ რეისს ანტისემიტურად განწყობილი ბრბო დახვდა. დემონსტრანტები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ებრაელებს ეძებდნენ. როგორც მომსწრეები ამბობენ, ისინი ყველა შენობაში შედიოდნენ. მათ ასაფრენ ბილიკზე შეღწევაც შეძლეს და თელ-ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეღწევას ცდილობდნენ.

ამასთან, ბრბოს მიერ მოწყობილი ანტისემიტური რეიდის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო მაჰაჩყალის აეროპორტში მოწყობილი ანტისემიტური დემონსტრაციის საქმეზე 15 დაკავებულს 8-დღიანი, ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ

კომენტარები