ესპანეთი

მადრიდში ყოფილ კატალონიელ პოლიტიკოსს სახეში ესროლეს

REUTERS/Nacho Doce

კატალონიაში ესპანეთის მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტიის ყოფილ ლიდერს, ალეხო ვიდალ-კვადრასს 9 ნოემბერს დედაქალაქ მადრიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან სახეში ესროლეს.

თავდასხმის შემდეგ ვიდალ-კვადრასი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყოფილ პოლიტიკოსს თავს მადრიდის ცენტრალურ და ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რაიონში, სალამანკაში დაესხნენ. პოლიცია ეძებს ორ თავდამსხმელს, რომლებიც შავი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ და სროლის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.

ამასთან, პოლიციამ უკვე იპოვა დამწვარი მოტოციკლი, რომელიც, სავარაუდოდ თავდამსხმელებს ეკუთვნოდათ. ჯერ-ჯერობით უცნობია დანაშაულის მოტივი.

მომხდარს გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერი, პედრო სანჩესი, რომელმაც ინციდენტის გამოძიებისა და დამნაშავეების სასწრაფოდ დაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარი გააკეთა იტალიის მემარჯვენე პრემიერმა ჯორჯია მელონიმაც, რომელმაც დაგმო "ძალადობის მიუღებელი აქტი, რომელიც მნიშვნელოვანი ევროპული ერის პოლიტიკური წარმომადგენლის წინააღდეგაა ჩადენილი".

ინციდენტს გამოეხმაურა ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, შანინ გობადიც. მან თქვა, რომ ვიდალ-კვადრასი ბოლო 25 წლის განმავლობაში ირანული ოპოზიციური მოძრაობის მტკიცე მხარდამჭერი იყო და ირანში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისთვის იბრძოდა.

78 წლის ვიდალ-კვადრასი იყო მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტიის (PP) ლიდერი კატალონიაში. ის არის ესპანეთის ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის დამფუძნებელიც. 2009-2014 წლებში იკავებდა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტის პოსტს.

კომენტარები