ესპანეთი

Google-ის ქუჩის რუკების მეშვეობით ესპანეთში მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ესპანეთში მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს მას შემდეგ, რაც Google-ის ქუჩის რუკებზე აღმოაჩინეს სურათი, რომელშიც მამაკაცი მანქანის საბარგულში თეთრ ტომარას ათავსებდა. პოლიციის თქმით, აღნიშნული სურათი მათ მკვლელობის საქმის გახსნაში დაეხმარა.

გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის ქუჩის რუკების კამერამ სურათი იმ მომენტში გადაიღო, როდესაც მამაკაცს, სავარაუდოდ, მსხვერპლის ცხედარი გადაჰქონდა.

აღნიშნული სურათი Google-მა დასახლება ტახუეკოში გადაიღო, რომელიც სორიის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მორიგ სურაზე ჩანს, თუ როგორ გადააქვს, სავარაუდოდ, იმავე მამაკაცს ურიკით თეთრი ტომარა.

სურათი Google-ის ქუჩის რუკებიდან

ესპანური გამოცემა El Pais-ის ინფორმაციით, საქმეში ორი ეჭვმიტანილის დაკავებას ტექსტურმა შეტყობინებამ და სხვა სახის სამხილებმა შეუწყო ხელი.

პოლიციამ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 33 წლის კუბელი მამაკაცის ნათესავმა მათ აცნობა, რომ მან მესიჯი მიიღო, რომელშიც კუბელმა მამაკაცმა მას ახალი პარტნიორის პოვნა აცნობა და წერდა, რომ ადგილსამყოფლის დატოვებასა და ტელეფონის მოშორებას გეგმავდა. ნათესავი დაეჭვდა, რომ აღნიშნული შეტყობინება გაუჩინარებული ნათესავის მიერ არ იყო გამოგზავნილი.

12 ნოემბერს დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი კუბელი მამაკაცის პარტნიორი ქალია, ხოლო მეორე - მამაკაცი, რომელსაც წარსულში ხსენებულ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. მათ გაუჩინარებული მამაკაცის მკვლელობა ედებათ ბრალად.

პოლიციამ მოკლული ადამიანის ცხედრის ნაწილები ესპანეთის ქალაქ სორიის სასაფლაოზე 11 დეკემბერს იპოვა. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო 15 წლის მანძილზე, როდესაც Google-ის მანქანამ ტახუეკოს დასახლებაში ქუჩის რუკებზე სურათების გასაახლებლად გაიარა.

ამასთანავე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Google-ის რუკები გამომძიებლებს სისხლის სამართლის საქმის გახსნაში დაეხმარა. 2022 წელს იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა Google-ის რუკები სიცილიელი მამაკაცის მოსაძებნად გამოიყენეს, რომელიც მკვლელობაზე იყო ნასამართლევი.

კომენტარები