არჩევნები 2024

ღუდუშაური: მჯერა, რომ [2024 წელს] ოცნება კიდევ უფრო მეტად ძლიერად მოვა ხელისუფლებაში

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ღუდუშაურის თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის. ღუდუშაურს სჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოცნება ხელისუფლებაში "უფრო მეტად ძლიერი" მოვა. 

"სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი შეფასება არ მინდა. ეს ადამიანი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია [...] იმპიჩმენტს ნაციონალური მოძრაობის მანდატებით ხელოვნურად გადარჩენილი სალომე ზურაბიშვილი დღეს რომ მტკიცებით ფორმაში საუბრობს, თურმე როგორი უნდა იყოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, სირცხვილია [...] სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს [...] ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნებაა, ამიტომ, ზურაბიშვილი ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება. სჯობს, იმაზე იფიქროს, ქართველ ხალხს როგორ აუხსნის, რომ კონსტიტუციას პატივი არ სცა და დაარღვია.

მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონდამრღვევია, მის პოლიტიკურ წინასწარმეტყველებებს, შეფასებებსა თუ განცხადებებს ნული ფასი აქვს [...] მე მწამს და მჯერა, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება - ყველაფერს სწორად და ბრძნულად შეაფასებს, ისევე, როგორც აქამდე გაუკეთებია. და სწორედ ამის შემდეგ, ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტად ძლიერად მოვა ხელისუფლებაში". - თქვა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის იმედოვნებს, რომ საქართველო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შედეგად, ევროკომისიის მოთხოვნებს, საბოლოო ჯამში, შეასრულებს. ის ასევე თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამაზე დადებით გავლენას იქონიებს.

"მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება [...] იმედი მაქვს, რომ თუ დემოკრატიული არჩევნები გვექნება, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენ გვერდით უნდა იყოს". – თქვა ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში.

კომენტარები