ირანი

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ნობელიანტმა ნარგეს მოჰამადიმ 3-დღიანი შიმშილობა დაასრულა

ირანელი უფლებადამცველი და ნობელის 2023 წლის პრემიის ლაურეატი, ნარგეს მოჰამადი
REUTERS

ნობელის მშვიდობის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა, ნარგეს მოჰამადიმ ირანის ციხეში დაწყებული შიმშილობა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დაასრულა.

მოჰამადი, რომლის განცხადებაც მისმა გუნდმა გაავრცელა, ამბობს, რომ 8 ნოემბერს მას მიეცა საშუალება დაეტოვებინა თეირანის ევინის ციხე და საავადმყოფოში ჰიჯაბის გარეშე მისულიყო. მისივე თქმით, ტრანსფერი ყველაზე უსაფრთხო იყო, რაც აქამდე გამოუცდია.

"სანამ მივიდოდი, უსაფრთხოების ძალები საავადმყოფოს შესასვლელთან, ავტოსადგომთან, ლიფტთან და ექიმის კაბინეტისკენ მიმავალ დერეფანთან განლაგდნენ... ყველგან უსაფრთხოების ძალებით ვიყავი გარშემორტყმული. პატარა ოთახში მომათავსეს, რომლის კარიც დაკეტილი იყო და უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები აკონტროლებდნენ. სისხლის ანალიზებიც კი მანდ ჩამიტარეს". - წერს მოჰამადი.

ნობელის პრემიის ლაურეატი ასევე აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში ვიზიტის დროს არც ადვოკატის და არც ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცა.

ირანელმა უფლებადამცველმა ნარგეს მოჰამადიმ ირანის ციხეში შიმშილობა 6 ნოემბერს დაიწყო. ის მისთვის და სხვა პატიმრებისთვის სამედიცინო დახმარების მიუწვდომლობასა და ირანში ქალებისთვის თავსაბურავის ტარების ვალდებულებას აპროტესტებდა.

მოჰამადის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მიენიჭა. ირანელი უფლებადამცველი მრავალი წელია ისლამურ რესპუბლიკაში ქალთა უფლებებისთვის იბრძვის.

კომენტარები