ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ვითხოვთ ფართს – აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა მშობლების თქმით, შესაბამის უწყებებს ბავშვის განვითარების ინსტიტუტისთვის ახალი ფართი ჯერ ისევ არ გამოუყვიათ. მშობლები ამბობენ, რომ ისინი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ და მათგან კონკრეტულ პასუხს ელიან.

მშობლების თქმით, მათი შვილები უკვე 2 თვეა, თერაპიის სერვისს ვერ იღებენ, რაც ბავშვების მდგომარეობას დღითიდღე აუარესებს. 

"ვითხოვთ, რომ შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა და სახელმწიფო დაწესებულებებმა ყურადღება მოგვაქციონ, რომ აუტიზმის ცენტრმა ფუნქციონირება გააგრძელოს [...] მშობლებს შეგვხვდნენ და გვითხრან, როდიდან აღდგება თერაპიული სესიები [...] უკვე მე-2 თვეა, რაც ბავშვებს არ მიეწოდებათ სერვისი, თერაპიების სახით [...] ამ ბავშვებისთვის კი 1 დღესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს". - ამბობს ერთ-ერთი მშობელი, თამარ მურუსიძე.

მშობლები ამბობენ, რომ მათ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წარმომადგენელი შეხვდა და უთხრა, რომ თბილისის არცერთ უბანში ინსტიტუტის ფუნქციონირებისთის საჭირო ფართი არ არსებობს.

"ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით 25 სექტემბერს მივმართეთ. დაახლოებით, 10 ოქტომბერს პრემიერმინისტრთან არსებული ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი, ნიკო თათულაშვილი შეგვხვდა. როგორც მან გვითხრა, თურმე, თბილისში არც ცენტრალურ უბნებში და არც გარეუბნებში არანაირი ფართი არ არსებობს  [...] ბატონო ირაკლი, მოგმართავთ მშობლები, რომ ეს საკითხი იმ პირს გადააბაროთ, რომელიც დაგვეკონტაქტება, სანდო და სწორ ინფორმაციას მოგვაწოდებს  [...] ყოველთვის გაურკვეველ პასუხებს გვეუბნებიან. სულ გვპირდებიან, რომ ეს შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართებაო, შემდეგ 2 კვირის მერე გაიმართებაო და ა.შ [...] ამდენი თვის წყვეტის შედეგად, ბავშვებს რეგრესი ეწყებათ. ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ, წყალში იყრება". ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მშობლების თქმით, ისინი ითხოვენ, რომ პასუხისმგებელმა პირებმა აუხსნან, თუ რატომ იწელება ეს პროცესი ასე დიდი ხანი.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა მშობლები და თერაპევტები ითხოვენ,  გამოიყოს ალტერნატიული ფართი, სადაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. მათ სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე განცხადება 25 სექტემბერს შეიტანეს

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, რომელიც ილიას უნივერსიტეტის C კორპუსში მდებარეობდა, შენობის ავარიულობის გამო სექტემბრის დასაწყისში დაიხურა. მშობლების განცხადებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია ალტერნატივა, ფიზიკური სივრცის სახით და აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე 250 ბავშვს მომსახურება უწყდება.

როგორც მშობლები და თერაპევტები ამბობენ, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით მოსარგებლე 81 ბავშვს თბილისის მერია სთავაზობს სხვადასხვა ცენტრში გადანაწილებას, რასაც მშობელთა უმეტესობა არ თანხმდება, ხოლო 168 ბავშვი, რომელიც არ სარგებლობდა მერიის პროგრამით, ყოველგვარი შეთავაზების გარეშე რჩება სერვისის მიღმა.

მთავარი მიზეზი, რატომაც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლები უარს ამბობენ სხვადასხვა ცენტრში გადანაწილებაზე, რუტინის დარღვევაა. მათივე თქმით, პრობლემაა ადგილმდებარეობაც, რადგან ბავშვების უმრავლესობა, ძირითადად, თბილისის #41-ე და #55-ე საჯარო სკოლებში დადის. ასევე, მშობლების თქმით, ბავშვები ემოციურად დაკავშირებულნი არიან თერაპევტებთან და ურთიერთობის გაწყვეტა ძალიან მძიმედ აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.


13 სექტემბერს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთერთი ბავშვის დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის რეაბილიტაციის გამო, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი  იხურებოდა. ამის შემდეგ, ილიაუნის კანცლერმა, ქეთი ლაკირბაიამ თქვა, რომ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარების სხვა სივრცეებში გადანაწილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ამასთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 14 სექტემბერს დაწერა, რომ უნივერსიტეტი ყოველ წელს ახორციელებს "სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მონიტორინგს", რის შედეგადაც შპს "მშენ-ექპერტი +" - ის ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი სწორედ C კორპუსში მდებარეობდა.

საკითხს ასევე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელმაც თქვა, რომ ბენეფიციარები სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან, ჩვეულებრივად მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. 

კომენტარები