ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

გამოგვიყავით ალტერნატიული ფართი – აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერს მიმართავენ

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა მშობლები და თერაპევტები ითხოვენ,  გამოიყოს ალტერნატიული ფართი, სადაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. მათ სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს. ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, რომელიც ილიას უნივერსიტეტის C კორპუსში მდებარეობდა, შენობის ავარიულობის გამო სექტემბრის დასაწყისში დაიხურა. მშობლების განცხადებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია ალტერნატივა, ფიზიკური სივრცის სახით და აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე 250 ბავშვს მომსახურება უწყდება.

როგორც მშობლები და თერაპევტები ამბობენ, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით მოსარგებლე 81 ბავშვს თბილისის მერია სთავაზობს სხვადასხვა ცენტრში გადანაწილებას, რასაც მშობელთა უმეტესობა არ თანხმდება, ხოლო 168 ბავშვი, რომელიც არ სარგებლობდა მერიის პროგრამით, ყოველგვარი შეთავაზების გარეშე რჩება სერვისის მიღმა.

მთავარი მიზეზი, რატომაც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლები უარს ამბობენ სხვადასხვა ცენტრში გადანაწილებაზე, რუტინის დარღვევაა. მათივე თქმით, პრობლემაა ადგილმდებარეობაც, რადგან ბავშვების უმრავლესობა, ძირითადად, თბილისის #41-ე და #55-ე საჯარო სკოლებში დადის. ასევე, მშობლების თქმით, ბავშვები ემოციურად დაკავშირებულნი არიან თერაპევტებთან და ურთიერთობის გაწყვეტა ძალიან მძიმედ აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

"ბავშვებს ერღვევათ ის რუტინა, რომელიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ. აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის რუტინის დარღვევა პირდაპირ აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ასევე, რუტინა ერღვევა თითოეული ბავშვის ოჯახს, რადგანაც ამ ბავშვებს ჰყავთ დედმამიშვილები და ოჯახებს უწევთ მათზე ზრუნვაც. რუტინის ცვლილებების შედეგად კი ოჯახები დგებიან არჩევანის წინაშე - იზრუნონ ან ერთ ან მეორე შვილზე. ამ შემთხვევაში კი აუცილებლად მოხდება აუტიზმის მქონე ბავშვების ან მათი დედმამიშვილების უფლებების დარღვევა.

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის შენობასთან სიახლოვის გამო, ბავშვების უმრავლესობა, ძირითადად, დადის ქ.თბილისის #41-ე და #55-ე საჯარო სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებელი სახლები ვაკის ტერიტორიიდან საკმაოდ შორს მდებარე უბნებშია. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი სირთულე იქნება ამ ბავშვების იმ ცენტრებში გადაყვანა, რომლებიც #41-ე და #55-ე სკოლებიდან შორს მდებარეობს.

ბავშვები, წლებია, ემოციურად დაკავშირებულნი არიან მათ თერაპევტებთან და მათთან კავშირის და ურთიერთობის გაწყვეტა, ძალიან მძიმედ აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. აუტიზმის მქონე ბავშვისთვის, განსაკუთრებით მოზარდისთვის ფსიქოემოციურად ძალიან რთულია პირველ რიგში შენობის ან ტერიტორიის შეცვლა და ამასთან ერთად უფრო მეტად რთულია იმ თერაპევტებთან დაშორება, რომელთაც წლების განმავლობაში იცნობენ და მეგობრობენ. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით 13 წელს ზევით მოზარდი ბენეფიციარებისთვის წარმოადგენს სირთულეს, რადგან მათ აღარ ეყოლებათ ის გუნდი, რომელიც, განსაკუთრებით, გამოირჩევა მოზარდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. მოზარდებთან მუშაობის მიმართულებით განსაკუთრებით საგულისხმოა ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი სერვისი „სტუდია მოდი“ (მოზარდთა ოკუპაციისა და ინკლუზიისთვის), რომლის ანალოგიც არცერთ ცენტრში არ არსებობს" - წერია განცხადებაში.

მშობლების თქმით, თუ ფართით დროულად არ უზრუნველყოფენ, ბავშვები აღმოჩნდებიან იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყვნენ პანდემიის დროს.

"თერაპიული სესიების ხანგრძლივი წყვეტის გამო, ისინი დადგებიან იმ რისკის ქვეშ, რომ მათ ისევ განუვითარდეთ: დეპრესია, ქცევითი სირთულეები, თვითდაზიანება, შფოთვითი აშლილობა, შიშები, ტანტრუმები, ობსესიები, რომლის შედეგადაც ბავშვების უმრავლესობას დაესვა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზი და ა.შ. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლებისა და ბენეფიციარების მშობლების სახელით, მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ მყისიერი რეაგირება და გამოგვიყოთ ფიზიკური სივრცე, რომელსაც გამოვიყენებთ თერაპიული სერვისის შესანარჩუნებლად, C კორპუსის პრობლემის აღმოფხვრამდე, სადაც შევძლებთ გადავიტანოთ ბავშვის განვითარების ინსტიტუტში არსებული ყველა პროგრამა.

ჩვენს ამჟამინდელ საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს სივრცე, რომელშიც იქნება 20 ოთახი" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლები და ბენეფიციარების მშობლები აწერენ.


13 სექტემბერს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთერთი ბავშვის დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის რეაბილიტაციის გამო, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი  იხურებოდა. ამის შემდეგ, ილიაუნის კანცლერმა, ქეთი ლაკირბაიამ თქვა, რომ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარების სხვა სივრცეებში გადანაწილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ამასთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 14 სექტემბერს დაწერა, რომ უნივერსიტეტი ყოველ წელს ახორციელებს "სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მონიტორინგს", რის შედეგადაც შპს "მშენ-ექპერტი +" - ის ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი სწორედ C კორპუსში მდებარეობდა.

საკითხს ასევე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელმაც თქვა, რომ ბენეფიციარები სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან, ჩვეულებრივად მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. 

კომენტარები