მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ბოკერია კირბალზე: ხელისუფლებას რისკების შესამცირებლად არცერთი ინსტრუმენტი არ გამოუყენებია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლისა და დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, რუსეთისგან მომავალი რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად, საქართველოს მთავრობას არცერთი ბერკეტი არ გამოუყენებია.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოდიაშვილი კი გაიტაცეს. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

თამაზ გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო ძალები საქართველოში. მისგან მომავალი საფრთხეების სრულად განეიტრალება მხოლოდ ქვეყნის სრული დეოკუპაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა დღევანდელ პირობებში ოკუპანტისგან მომავალი საფრთხეების შესამცირებლად ყველა ლეგიტიმური პოლიტიკური და უსაფრთხოების ინსტრუმენტის გამოყენებაა. ამ მიმართულებით, ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯებმა საფრთხეების შემცირების ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს რისკები გაზარდა,

ამ ხელისუფლების პირველივე ნაბიჯი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმებით განლაგებული საპოლიციო ძალების დაშორება და მათი რაოდეობის შემცირება დღემდე უმძიმესი შედეგების მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამის მაგალითია 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც უწინ ქართული საპოლიციო ძალები იყვნენ განლაგებული.

ამ წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას რეალურად, არ უზრუნია საერთაშორისო წნეხის მობილიზებაზე რუსეთის წინააღმდეგ, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქართულ მხარეს დანაშაულის ყველა მტკიცებულება ხელში ეჭირა და დამნაშავეებიც იდენტიფიცირებული ჰყავდა, ხოლო მათ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ღიად და უტიფრად აფარებდა ხელს.

საქართველოს ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში, ამ რისკების შესამცირებლად არცერთი პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა თუ დიპლომატიური ინსტრუმენტი არ გამოუყენებია.

ევროპული საქართველოს ინიციატივა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ სწორედ ამ ამოცანას ესმახურებოდა, თუმცაღა, მალევე ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ამ ინსტრუმენტის გამოყენებას დამნაშავე პირებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რასაც გარდა კონკრეტულ დანაშაულზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ამოცანისა, პრევენციული ეფექტი ექნებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის მომავალი საფრთხეების შესამცირებლად.

ევროპული საქართველო ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების შემდეგ, დეოკუპაციის საბოლოო ამოცანის მიღწევამდე, გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენს მტერსა და მისი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში, ქართული მხარე გამოიყენებს ყველა ეფექტურ ინსტრუმენტს, რათა რუსეთის ფედერაციას რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს ამგვარი ქმედებები, ხოლო კონკრეტული დამნაშავეები მათ გასამართლებამდე, მუდმივი დევნის სამიზნე იყვნენ". - წერს ბოკერია Facebook-ზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები