მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ლელო: ესაა ფასი, რასაც საქართველო იხდის იმიტომ, რომ ოცნებამ რუსეთს ყველაფრის უფლება მისცა

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელო სოფელ კირბალთან რუსული საოკოპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლისა და დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა. ლელოში ამბობენ, რომ ეს იმ პრორუსული პოლიტიკის შედეგია, რასაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ატარებენ.

"პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და სრულიად საქართველოს. ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგად, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს. ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივინიშვილმა და ქართულმა ოცნებამ რუსეთს ყველაფრის უფლება მისცეს. რუსულმა ოცნებამ აღადგინა ფრენები, არ დააწესა სავიზო რეჟიმი და თავს გასულმა ოკუპანტმა გაბედა ყველაზე მძიმე რამ - მოკლა საქართველოს მოქალაქე.

ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებდესს, ახლა შემდეგ ნაბიჯებს უნდა დგამდეს:

  1. რუსეთის მხრიდან ყველა იმ პირის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვდეს, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა.
  2. ყველა დიპლომატიურ მექანიზმს იყენებდეს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად და უპირობოდ დაგმოს მომხდარი და ამასთან, გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული დიპლომატიური მექანიზმი, რათა ოკუპანტებზე წნეხი გაძლიერდეს დღეს საქართველოს უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის გასათავისუფლებლად, ისევე, როგორც აქამდე ტყვეობაში მყოფი 9 მოქალაქის გასათავისუფლებლად.
  3. დაუყოვნებლივ მიმართოს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს, რათა სამართლებრივი შეფასება მიეცეს და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს ამ ვანდალური ფაქტის გამო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები