მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

გირჩი-დროა კირბალზე: რუსი ოკუპანტები სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა

პარტიები გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა სოფელ კირბალთან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლისა და დაკავების ფაქტებს საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ.

"სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დროა და გირჩი-მეტი თავისუფლება სამძიმარს ვუცხადებთ მოკლულის ოჯახსა და მთელ საქართველოს.

ქართულ სახელმწიფოს ერთადერთი მტერი ჰყავს და ეს რუსეთია - ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე მოქალაქეებს გვიკლავს და ამისთვის პასუხს არ აგებს. საქართველოს მოღალატე ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და მათთან ურთიერთობების დათბობითა და გაღრმავებით არის დაკავებული მაშინ: როცა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლებია, ყოველგვარი მხარდაჭერისა და თვალყურის გარეშე არიან მიტოვებული. როცა საოკუპაციო ხაზთან არ არსებობს სათვალთვალო-საკონტროლო საშუალებები და საპოლიციო პატრულირების ჯგუფები, რათა ამგვარი ფაქტების პრევენცია და აღკვეთა მოხდეს.

რუსების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, ქართულმა ოცნებამ მოხსნა საპოლიციო დანაყოფები და საკონტროლო პუნქტები, რაც ოკუპანტებს საშუალებას აძლევს, დაუბრკოლებლად იძალადონ საქართველოს მოქალაქეებზე. როცა გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, ქართული ოცნების ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ საერთაშორისო წნეხი გაზრდილიყო და რუსეთს ამ სასტიკი მკვლელობებისთვის პასუხი ეგო.

როცა სულ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად კირბალში ქართული დროშის აღმართვის შემდეგ, ოკუპანტებმა ეკლესიის კარი აჭედეს. ამაზე პასუხად კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პრობლემა ქართული დროშის აღმართვა და არა რუსულ ოკუპაციაა.

სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას და ყველა ოკუპანტი, რომელიც იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს, უმკაცრესად აგებს პასუხს. მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიის ყველა გოჯს". - წერია გირჩი-დროას ერთობლივ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები