ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

NYT: რუსეთი, ჩინეთი და ირანი ჰამასს ისრაელის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში ეხმარებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი და ირანის ყოფილი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი
Vyacheslav Oseledko/AFP/Getty Images

ამერიკული გამოცემის New York Times-ის მიხედვით, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ირანის, ჩინეთისა და რუსეთის სამთავრობო მედიები ჰამასს ისრაელის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში ეხმარებიან. გამოცემის ცნობით, ისინი პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმებზე ჰამასის ნარატივის გავრცელების ხელის შეწყობის პარალელურად, ისრაელის მხრიდან თავდაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებიან.

"ამას მსოფლიოს გარშემო მილიონი, ასობით მილიონი ადამიანი ნახულობს და ომზე გავლენის მოხდენის მხრივ, ალბათ, ისევე ეფექტურია, როგორც ნებისმიერი სხვა ტაქტიკა ველზე", - ამბობს სოციალურ მედიაში სოციალური მედიის დაზვერვის კომპანიის Cyabara-ს ვიცეპრეზიდენტი რაფი მენდელსონი. Cyabara-მ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ 40,000-ზე მეტი ყალბი ანგარიში აღმოაჩინა. 

დეზინფორმაციის კამპანიაში, რომელიც მანამდე არნახულ მასშტაბებს აღწევს, ირანს, რუსეთსა და ჩინეთს განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ, თუმცა მათ გზავნილებში მეტწილად თანაკვეთაა.

ირანი მხარს უჭერს ჰამასის მიზანს, განადგურდეს ისრაელი, რუსეთი და ჩინეთი კი ცდილობენ, რომ ჰამასის მხარდაჭერით ძირი გამოუთხარონ დასავლეთის, კონკრეტულად აშშ-ს, გავლენას. 

25 ოქტომბერს Institute for Strategic Dialogue-მა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

კვლევის მიხედვით, ირანის სამთავრობო მედიები განადიდებენ ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას და ირანული ანგარიშები ამართლებენ, და ზოგიერთ შემთხვევაში ახალისებენ, ძალადობას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ. 

რუსული სამთავრობო მედიები მიმდინარე კონფლიქტს იყენებენ, რათა სტანდარტულად ანტი-დასავლური და ანტი-უკრაინული ნარატივები გაავრცელონ, რისი მაგალითიცაა რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინა ჰამასს იარაღით ამარაგებდა. ამასთანავე, ისინი დასავლეთს ორმაგი სტანდარტების ქონასა და ომის ესკალაციაში ადანაშაულებენ. 

რუსული მედიები დღემდე ავრცელებენ განცხადებებს, რომლებიც 17 ოქტომბერს ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე ისრაელს აკისრებენ პასუხისმგებლობას და ომის დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მთავრობები, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ აფეთქება ღაზის სექტორიდან ტერორისტული დაჯგუფების მიერ გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. რუსული მედიები ასევე მტკიცებულებების გარეშე ამბობენ, რომ საავადმყოფოში აფეთქებული ბომბი ისრაელს აშშ-მ მიაწოდა.

ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშები კი X-ზე აშშ-ს ომში ეკონომიკური სარგებლის ძიებაში ადანაშაულებენ და დასავლელი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაში არიან ჩართული. 

ომის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინი ჰამასის ლიდერებს შეხვდა. მან უკრაინისა და ისრაელის ომები, ამერიკის გლობალური დომინირების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილად დაახასიათა. რუსეთმა 30 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტი ბრბოს მიერ ისრაელიდან ჩამოსულ მგზავრებზე თავდასხმის მცდელობაც კი "დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს" დააბრალა

"ისინი (რედ. ირანი, რუსეთი და ჩინეთი) აშშ-სთან კონფლიქტში, გეოსტრატეგიულ შეჯიბრში, არიან და ხვდებიან, რომ როდესაც ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მთავარი მოკავშირე კონფლიქტშია გახვეული, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ასუსტებს", - ამბობს თეთრი სახლისა და პენტაგონის ყოფილი ოფიციალური პირი მაიკლ დორანი.

სოციალურ მედიებში დეზინფორმაციის კამპანია დიდი სისწრაფით გავრცელდა. Cyabara-ს კვლევით, ომის დაწყებიდან ერთ დღეში, ყოველი მეოთხე ანგარიში, რომელიც ომის შესახებ Facebook-ზე, Instagram-ზე, Tiktok-სა და X-ზე წერდა, ყალბი იყო. ხოლო ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებიდან 24 საათის შემდეგ, X-ზე ამ ამბის შესახებ დაწერილი პოსტებიდან ყოველი მესამე ყალბ ანგარიშს ეკუთვნოდა. 

გამოცემა New York Times-ის ცნობით, ამგვარი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომისთვის ისრაელი ისევე არ იყო მზად, რამდენადაც მისთვის 7 ოქტომბრის თავდასხმა იყო მოულოდნელი.

კომენტარები