საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ნათლიების რაოდენობაზე სინოდის გადაწყვეტილებას უკუძალა არ ექნება

საქართველოს საპატრიარქო

მას მერე, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ოქმის თანახმად დაადგინა, რომ ნათლიების რაოდენობა ორს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო კათალიკოზის ნათლიად დადგომის შემთხვევაში, სამს, მრავალმა მორწმუნემ დასვა კითხვა: რა მოსდის ამ გადაწყვეტილებამდე დაყენებულ სამ და მეტ ნათლიას? 

ტაბულამ საქართველოს საპატრიარქოს ჰკითხა, ექნება თუ არა სინოდის გადაწყვეტილებას ნათლიების რაოდენობის შესახებ უკუძალა, რაზეც საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა, რომ გადაწყვეტილებას უკუძალა არ ექნება.

ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ 3 და მეტი ნათლია გყავთ, ისინი საქართველოს ეკლესიისთვის კვლავ ნათლიები არიან, თქვენ კი კვლავ ნათლული.

2 ნოემბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ გამოქვეყნებული განჩინებით, ნათლია უნდა იყოს ერთი, ისტორიული ტრადიციიდან გამომდინარე კი დასაშვებია ორი ნათლიის ყოლაც.

"ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში". - ვკითხულობთ განჩინებაში.

სინოდის სხდომა ილია II-ს თავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომა კათოლიკოს-პატრიარქმა გახსნა და მისმა მოსაყდრემ, ეპისკოპოსმა შიო მუჯირმა წარმართა.

კომენტარები