ინფლაცია საქართველოში

საქსტატი: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 1.2%-ით შემცირდა, წლიური ინფლაცია 0.8%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 1.2%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 6.6%-ით გაიზარდა. განათლება - 3.7%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 4.2%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 5.8%-ით, ტრანსპორტი კი - 1.2%-ით.

საქსტატის ცნობით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად დასვენება-გართობა-კულტურაზე (- 4%) და ჯანდაცვაზე (-3.2%) შემცირდა. ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 2.4%-ით გაიაფდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2%-ით.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც
0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებასა (26.3%) და პირად ჰიგიენაზე (5.7%).

საქსტატის მტკიცებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-24.4%), პურსა და პურპროდუქტებზე (-8.8%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე
(-2.9%-ით), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-1.2%-ით). ამასთან, ფასები გაიზარდა
ხილსა და ყურძენზე (15.3%), თევზეულზე (6.9%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.9%).

კომენტარები