ქარიშხალი კიარანი

ევროპის ქვეყნებში ქარიშხალ კიარანს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალი კიარანის შედეგად ამოძირკვული ხე საფრანგეთში
REUTERS/Benoit Tessier

ქარიშხალ კიარანს ევროპის ქვეყნებში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხლის გამო ქვეყნებში სკოლებმა, აეროპორტებმა და მატარებლებმა მუშაობა შეწყვიტეს.

ესპანეთში დაიღუპა ქალი, რომელსაც მადრიდის ცენტრში ხე დაეცა. მასთან ერთად სამი ადამიანი დაშავდა. 

ესპანეთის სახელმწიფო ამინდის სააგენტომ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, გალისიასა და კანტაბრიაში, განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. მათი მონაცემებით, რეგიონში დაახლოებით 9 მეტრის სიმაღლის ტალღები არის მოსალოდნელი.

საგანგაშო ვითარების ფონზე, აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, AENA-ს ცნობით, ესპანეთში 42 ფრენა გაუქმდა.

ქარიშხლის გამო საფრანგეთში, პარიზთან ახლოს ხე ჩამოვარდა, რასაც სატვირთო მანქანის მძღოლი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 1.2 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, ქარიშხლის გამო ერთი ადამიანი ქალაქ ლე-ჰავრიშიც დაიღუპა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის თქმით, ქვეყანაში ქარიშხლის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის 7 მეხანძრე. მისივე თქმით, ქარიშხლის შედეგად ამწის დაცემის გამო დაახლოებით 1 300 ადამიანი თავშესაფრებსა და ბანაკებში გადაიყვანეს.

ხის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულნი სხვა ქვეყნებშიც არიან. ბელგიაში ორი გერმანელი ტურისტი დაიღუპა, რომელთაგან ერთი 5 წლის, ხოლო მეორე კი 64 წლის იყო. ასეთ შემთხვევას ერთი ადამიანი ნიდერლანდებშიც ემსხვერპლა. 

ნიდერლანდურმა ავიახაზმა KLM-მა ამსტერდამში შიდა და გარე ასობით ფრენა გააუქმა. 

გარდა ამისა, ქარიშხალმა კიარანმა ნორმანდიის კუნძულებზე სახლების ფანჯრები შეანგრია, ხოლო ერთ-ერთ სახლს სახურავი გადახადა.

კომენტარები