ჩინეთი

პეკინში ჩინეთის ყოფილი პრემიერის, ლი ქეციანგის კრემაციის ცერემონია გაიმართა

ჩინეთის ყოფილი პრემიერის, ლი ქეციანგის ნეკროლოგი ჩინური გაზეთების პირველ გვერდებზე, პეკინი, 2023 წლის 28 ოქტომბერი
REUTERS/Tingshu Wang

დღეს, 2 ნოემბერს ჩინეთის ყოფილი პრემიერის, ლი ქეციანგის კრემაციის ცერემონია გაიმართა. გლოვის ნიშნად პეკინში, თიანანმენის მოედანზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

68 წლის ლი, რომელსაც "ხალხის პრემიერადაც" მოიხსენიებდნენ, 27 ოქტომბერს შანხაიში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ჩინეთის პრემიერმინისტრის პოსტს 10 წლის განმავლობაში იკავებდა და თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში დატოვა.

ცერემონია პეკინში მდებარე მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილ პაპაოშანის რევოლუციურ სასაფლაოზე გაიმართა. ცერემონიაზე მივიდა პრეზიდენტი სი ძინფინგი და მისი ცოლი, ფენგ ლიიუანი. ლის ხსოვნას პატივი მიაგო კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის ექვსმა წევრმა, ასევე ვიცეპრეზიდენტმა ხან ჭენგმა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის, Xinhua-ს ცნობით, ცერემონიაზე გვირგვინი გააგზავნა ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუ ძინთაომაც, რომელიც გასულ წელს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის არჩევნების დროს დარბაზიდან გაიყვანეს. ამ სხდომაზე სი ძინფინგი პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლი ქეციანგი ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ პრემიერადაა მიჩნეული, მის მოულოდნელ გარდაცვალებას საზოგადოებიდან მაინც მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ჩინეთში ლის ხედვებს ალტერნატიული ჩინეთის შექმნის შესაძლებლობად განიხილავდნენ, მაგრამ სიმ მისი დაჩრდილვა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრება შეძლო.

კომენტარები