საქართველო-რუსეთი

მდინარაძე: ისე ლაპარაკობთ, თითქოს დავითაშვილი და პუტინი ვახშმობდნენ, საუბრობდნენ გემრიელად

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ტაბულას მიერ 27 ოქტომბერს გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა. 

"ვახშამი პუტინთან ერთად, ისე ლაპარაკობთ, თითქოს დავითაშვილი და პუტინი ისხდნენ, ვახშმობდნენ და საუბრობდნენ გემრიელად რაღაცაზე. როდესაც ათეულობით და ასეულობით ქვეყანა იღებს გარკვეულ ფორმატებში მონაწილეობას, თქვენ, როგორც ჩანს, მოგვიწოდებთ, რომ ამ ფორმატებიდან გამოვიდეთ. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან, სადაც, ასევე შეიძლება, რაღაც შეხვედრა იყოს და იყვნენ რუსეთის წარმომადგენლები. მათ შორის პუტინი, იმ ფორმატში იღებს მონაწილეობას. [...]

მანამდე იყო G20-ის შეხვედრა, სადაც ბლინკენი და ლავროვი ერთად ისხდნენ[...] თქვენ გინდათ, რომ გამოვიდეთ ყველა საერთაშორისო ფორმატიდან, სადაც რუსეთი იღებს მონაწილეობას და საერთოდ იზოლირებული ვიყოთ მსოფლიოსგან. ეს თუ გინდათ, არ გამოვა ეგ ამბავი[...] ჩინეთი რომ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ნეტავ, ბევრი ქვეყანა უცხადებდეს ისე" - თქვა მდინარაძემ. 

ფრაქცია ევროოპტიმისტები, რომლშიც ენმ-ის ყოფილი წევრები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე შედიან, დავითაშვილს ბანკეტზე ვლადიმირ პუტინთან ერთად დასწრებასთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებენ. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მინისტრის დაბარება "სპეკულაციურია".

"დაბარებას რაც შეეხება, ბუნებრივია, სპეკულაციური დაბარებაა, მაგრამ რეგლამენტით თუ იქნება, მოსვლა მოუწევს ნებისმიერ მინისტრს, ჩვენ არ გვეშინია ამის, არც მინისტრებს ეშინიათ" - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა. 

როგორც ჩინეთში 18 ოქტომბერს გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ჩანაწერებიდან ირკვევა, ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამას გარდა, ცალკეული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვიცეპრემიერი, ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად, დაესწრო პუტინის სიტყვით გამოსვლასაც.

კომენტარები