2023 წლის ეკონომიკური ზრდა

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.

საქსტატი

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, მშენებლობამ, ვაჭრობამ, სასტუმრო და რესტორნებმა.

ამავე დროით პერიოდში კი, კლების ტენდენციით ხასიათდებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორები.


2022 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.1%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკაში გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციები, დიდწილად, რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული. 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში ათასობით ადამიანი შემოვიდა. გასული წლის ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ ერთჯერადი მიგრაციული პროცესებითაა გამოწვეული. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, რის გამოც ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამასთან, მიგრაციის შედეგად სტიმულირებული მოთხოვნის გამო უძრავი ქონების ფასები იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქირა ფასების კალათის ერთ-ერთი კომპონენტია, მისი ზრდა იწვევს ინფლაციის მატებას, რაც მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას წარმოადგენს. 

მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, ერთ წელიწადში ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგის მე-12 პოზიციიდან 26-მდე ჩამოქვეითდა, რაც საქართველოს სარეიტინგო ქულის გაუარესების უპრეცედენტო მაჩვენებელია.

საქართველომ 2021 წელიც მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. მაშინდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს არსებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ რეკორდული ვარდნა განიცადა და 6.1%-ით შემცირდა.

კომენტარები