ონკოლოგია

ონკოპაციენტებს ქირურგიული ოპერაცია დაუფინანსდებათ – მთავრობა

Claudio Furlan / LaPresse / AP

საქართველოს მთავრობის ცნობით, ონკოლოგიური ქირურგია ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის იქნებიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. მთავრობის ინფორმაციით, ეს შეეხება როგორც გეგმურ, ისე გადაუდებელ ოპერაციებს.

"მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება" - აცხადებს მთავრობა.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, პროგრამის მიხედვით ამ დრომდე 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ონკოლოგიურ პაციენტებს არ უფინანსდებოდათ ქირურგიული ჩარევები, ამ პროგრამით კი ეს შეიცვალა.

"ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეების ხარჯებს. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების შემთხვევაში გავაკეთეთ გამონაკლისი და ვფარავთ 40 000 ლარზე მეტი შემოსავლით ადამიანების სხვადასხვა საჭიროებებსაც. ეს კონკრეტული ცვლილება შეეხება მათ ქირურგიულ ჩარევებს, რაც არ იყო ამ პროგრამაში და ჩავამატეთ". - თქვა აზარაშავილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

კომენტარები