ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გაეროს ნაცვლად ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა შეიქმნას – ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის ფონზე, გაეროს მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებს. იგი გაეროს საკუთარი წესებით პარალიზებულად მიიჩნევს, რომელიც რეზოლუციებით ანტისემიტებს უჭერს მხარს და ორგანიზაციის ფუნდამენტური გარდაქმნის საჭიროებაზე საუბრობს.

ჩენოხოვას მხრიდან მწვავე გამოხმაურება 27 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას მოჰყვა, რომელშიც უმრავლესობამ ისრაელსა და პალესტინას "დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ზავის" დადებისკენ მოუწოდა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებისთვის დერეფნის შექმნა მოითხოვა. რეზოლუციის მომხრე 121 ქვეყანა იყო, 44-მა თავი შეიკავა, ხოლო 14-მა სახელმწიფომ მხარი არ დაუჭირა, მათ შორის იყვნენ ისრაელი და აშშ.

იანა ჩერნოხოვას მიერ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ისრაელისა და უკრაინის ომებმაც კი ვერ შეცვალა გაეროში გადაწყვეტილებების მიღებისა და ფუნქციონირების პროცესი". 

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, გაეროს მე-6 მუხლის მიხედვით, გაეროში შესაძლებელია გააძევონ ორგანიზაციის წევრი ის სახელმწიფო, რომელიც მუდმივად არღვევს გაეროში გაწერილ პრინციპებს, თუმცა ამის მიუხედავად, ირანი მუდმივად ემუქრება ისრაელს, რუსეთი უკრაინაში ომს იწყებს და კიდევ სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოები ყოველ დღე არღვევენ ადამიანთა უფლებებს, რასაც გაეროს მხრიდან რეაქცია არ აქვს. შედეგად ორგანიზაცია "დიქტატორებს წარდგენილ შეთავაზებებზე ვეტოს დადების უფლებას აძლევს და ტერორისტებს აფინანსებს", - ნათქვამია ჩერნოხოვას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩერნოხოვას თქმით, "შოა დაბრუნდა და ჩვენ ჩუმად აღარ ვიქნებით", რისთვისაც საჭიროა ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც თანამედროვე პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.

27 ოქტომბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაში წარდგენილმა რეზოლუციამ ორი მესამედი უმრავლესობა მიღება შეძლო. პასუხად, ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა მიღებული რეზოლუცია უარყო, ხოლო ორგანიზაციას არალეგიტიმური და დრომოჭმული უწოდა. მისი თქმით, გაეროს ურჩევნია, ისრაელის ნაცვლად "ნაცისტ ტერორისტებს" დაუჭიროს მხარი.

ზემოხსენებული რეზოლუციის მიღებამდე კანადის მხარემ რეზოლუციის ჩასწორების ინიციატივა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც რეზოლუციას "ჰამასის ტერორისტული თავდასხმისა... და მათ მიერ მძევლების აყვანის" დაგმობა დაემატებოდა, თუმცა ინიციატივის მხარდამჭერი 88, ხოლო მოწინააღმდეგე 55 ქვეყანა იყო, რითაც კანადის მცდელობა ჩავარდა.

საბოლოოდ მიღებულ რეზოლუციაში, რის გამოც იანა ჩერნოხოვამ თქვა, რომ "მას გაეროს გამო რცხვენია", გაეროს გენერალურმა ასამბლეამ "არალეგალურად დატყვევებული მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" დაუჭირა მხარი, თუმცა რეზოლუციაში ჰამასი ნახსენები არ იყო.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები