სოხუმის აეროპორტი

სოხუმის აეროპორტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილის კომპანია აღადგენს

Эхо Кавказа

27 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შესახებ შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან" ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევია.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ი წერს, შეთანხმების ფარგლებში აღდგება აეროდრომი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 3100 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენ ბილიკს, რაც თანამედროვე რუსული და უცხოური წარმოების თვითმფრინავების მიღებას გახდის შესაძლებელს.

გარდა ამისა, ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სატრანსპორტო გზას და სამგზავრო წინსაფრის ნაწილს, აშენდება წინსაფრის ახალი მონაკვეთი დამატებითი თვითმფრინავების განსათავსებლად.

ამასთან, როგორც Apsnypress-ი პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს წერს, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი და გარემონტდება ისტორიული აეროპორტის შენობა. ისტორიული ტერმინალის შენობაში ოფიციალური პირებისა და დელეგაციების მომსახურება იგეგმება. ამავე ინფორმაციით, ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა იქნება 1300 მგზავრი საათში.

კომენტარები