სოხუმის აეროპორტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: სოხუმის აეროპორტი საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილია

რუსული სამხედრო თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში, 2008 წელი.
Эхо Кавказа

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სოხუმის აეროპორტის რუს ინვესტორზე გადაცემის თაობაზე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.  

"აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულება და 2008 წლის ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესაბამისად, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე". - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ ხელი სანქტ-პეტერბურგში მოაწერეს. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა კი დოკუმენტის რატიფიცირება 26 ივლისს მოახდინა. ამასთან, აეროპორტის აღდგენა 2024 წლისთვის იგეგმება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ სოხუმის აეროპორტის გასხვისებისა და რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება დაგმო. საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

2022 წელს რუსეთის ეკონომიკის მინისტრის აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროექტის სავარაუდო ინვესტორი რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element იქნებოდა. იგი შედგება კომპანიებისგან, რომლებსაც აკონტროლებენ ან შედიან ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის ალხას ბარციცის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი ორმა ინვესტორმა შეიტანა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. 

კომენტარები