კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრომ ვახტანგ კოტეტიშვილზე დაწერილ პოსტში მისი დახვრეტა არ ახსენა

კულტურის სამინისტრომ Facebook-ზე ვახტანგ კოტეტიშვილზე დაწერილ პოსტში მისი დახვრეტა არ ახსენა.

24 ოქტომბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვახტანგ კოტეტიშვილის დაბადების დღეს პოსტით გამოეხმაურა, სადაც ჩამოთვლილია, სად საქმიანობდა და წერდა კოტეტიშვილი, თუმცა არსად წერია, რომ იგი საბჭოთა რეპრესიების დროს - 1938 წელს დახვრიტეს.

"ქართველი მოღვაწის, ვახტანგ კოტეტიშვილის დაბადებიდან 130 წელი გავიდა.

ვახტანგ კოტეტიშვილი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. იგი წლების განმავლობაში მრავალი მიმართულებით საქმიანობდა, კერძოდ: 1919-26 წლებში თბილისის სკოლებში ასწავლიდა; 1926 წლიდან კითხულობდა ფოლკლორის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ხოლო 1929 წლიდან კოტეტიშვილი მისი ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს, ასევე ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსებს უძღვებოდა. 1933 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე.

ვახტანგ კოტეტიშვილი ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში მეცნიერულ-ფოლკლორულ ექსპედიციას. დარგში მუშაობის შედეგად, 1934 წელს გამოსცა „ხალხური პოეზიის“ პირველი ტომი.

1921 წელს „სახალხო გაზეთში“ მისი პირველი ლიტერატურული წერილი - „საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებაში“ - გამოქვეყნდა. მოგვიანებით, თავისი მოღვაწეობით, მან გააგრძელა ლიტერატურათმცოდნეობაში აღნიშნული მიმართულება.

ვახტანგ კოტეტიშვილმა პირველმა შექმნა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსი.

არის არაერთი მნიშვნელოვანი და დღესაც საინტერესო პუბლიცისტური წერილის ავტორი.

ვახტანგ კოტეტიშვილი იყო აკადემიური მწერლობის კავშირის წევრი, 1918-28 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ვახტანგ კოტეტიშვილის ხსოვნასა და ღვაწლს". - წერია პოსტში.

კომენტარები