მარინა ოვსიანიკოვა

ოვსიანიკოვას სასამართლომ მეურვეობა ჩამოართვა, მის წინააღმდეგ ჩვენება დედამ და შვილმა მისცეს

მარინა ოვსიანიკოვას, ჟურნალისტს, რომელმაც 2022 წელს რუსეთის სამთავრობო არხის პირდაპირ ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო, მოსკოვის სასამართლომ მეურვეობის უფლება ჩამოართვა.

რუსი ჟურნალისტის ყოფილმა ქმარმა, იგორ ოვსიანიკოვმა მოსკოვის სასამართლოში საჩივარი 19 აპრილს შეიტანა. საჩივრის ზუსტი შინაარსი აქამდე არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილი იყო, რომ ის "შვილების აღზრდასთან დაკავშირებული კამათის" კატეგორიაში განიხილებოდა.

ყოფილი ქმრის საჩივრის საფუძველზე, ჟურნალისტს სასამართლომ ორივე შვილზე - 11 წლის ქალიშვილსა და 17 წლის ვაჟზე მეურვეობა ჩამოართვა.

ოქტომბრის დასაწყისში, ოვსიანიკოვამ CNN-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ რუსეთში მცხოვრებმა ახლობლებმა, მათ შორის დედამ და შვილმა, სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. 

"მე გაოგნებული და შოკირებული ვარ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით". - თქვა ოვსიანიკოვამ.


4 ოქტომბერს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა "სამხედრო ფეიკების გავრცელებაში" დამნაშავედ ცნო. რუსეთის საზოგადოებრივი არხის (ОРТ) რედაქტორს დაუსწრებლად 8.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ჟურნალისტმა 2022 წლის ივლისში მოსკოვში პიკეტი მოაწყო. ოვსიანიკოვა სანაპიროზე პოსტერით გამოვიდა, რომელზეც ეწერა "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს რომ შეჩერდეთ". 

აზრის დაფიქსირებისთვის ოვსიანიკოვა დააკავეს და გამოძიების დაწყებამდე შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შვილთან ერთად რუსეთი დატოვა.

კომენტარები