მარინა ოვსიანიკოვა

საფრანგეთში რუსი ჟურნალისტის მარინა ოვსიანიკოვას შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოცემა Le Figaro რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის მარინა ოვსიანიკოვას სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც წერს გამოცემა 12 ოქტომბერს, დღისით ჟურნალისტმა თავი ცუდად მას შემდეგ იგრძნო, რაც პარიზში მდებარე საკუთარ ბინაში კარის გაღებისას მისაღებში თეთრი ფხვნილი აღმოაჩინა. თავად ოვსიანიკოვა Le Figaro-სთან ამბობს, რომ "რუსებმა მოწამლეს".

Le Figaro-ს ცნობით იმავე დღეს პარიზელმა სამართალდამცავებმა მომხდარზე საქმე აღძრეს.

ოვსიანიკოვამ სახელი გაითქვა, როდესაც 2022 წლის 14 მარტს, ОРТ-ს პირდაპირ ეთერში პოსტერი წარწერით No War გაშალა. პოზიციის დაფიქსირების გამო ჟურნალისტმა სამსახური დაკარგა, ასევე სასამართლომ მას 30 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 

2022 წლის ივლისში ჟურნალისტმა მოსკოვში პიკეტი მოაწყო. ოვსიანიკოვა სანაპიროზე პოსტერით გამოვიდა, რომელზეც ეწერა "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს რომ შეჩერდეთ". 

აზრის დაფიქსირებისთვის ოვსიანიკოვა დააკავეს და გამოძიების დაწყებამდე შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შვილთან ერთად რუსეთი დატოვა.

ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტს "სამხედრო ფეიკების გავრცელებისთვის" დაუსწრებლად 8.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები