თავდასხმა მეინის შტატში

მეინის შტატში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, შეიარაღებულ თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ

მეინის შტატის გუბერნატორმა, ჯანეტ მილსმა, მეინის შტატში, ქალაქ ლევისტონში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა.

მილსის თქმით, სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 18-მდეა გაზრდილი, 13 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ცნობით, დაღუპულთაგან 7 ბოულინგის დარბაზში ადგილზე გარდაიცვალა, 8 რესტორანში, 3 კი ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, იდენტიფიცირებულია 8 გარდაცვლილი, მათ შესახებ შეტყობინება მიიღეს ოჯახებმაც, 10 ადამიანი იდენტიფიცირებას კი ექსპერტები კვლავ ცდილობენ.

დაკავების ორდერი გაცემულია შეირაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ 40 წლის რობერტ ქარდზე, რომელიც ამ დრომდე თავისუფალია. სამართალდამცველებმა შემთხვევიდან მალევე მისი ფოტო გაავრცელეს, რომელიც სათვალთვალო კამერამ გადაიღო. ქარდი 8 ადამიანი განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი – ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, როდესაც დარჩენილი 10 მოკლული ადამიანის იდენტიფიცირება მოხდება.

პოლიცია მოსახლეობას თავდამსხმელის დაკავებამდე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ დანახვის შემთხვევაში თავდამსხმელს არ მიუახლოვდნენ. მათი თქმით, ქარდი, სავარაუდოდ, კვლავ შეიარაღებული და სახიფათოა.

მეინის შტატის ხელისუფლებას მეზობელმა შტატებმა პოლიციისა და უსაფრთხოების თანამშრომლების სახით დახმარება შესთავაზეს. შტატის გუბერნატორს კი აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ესაუბრა, რომელიც მას თეთრი სახლის დახმარებას და მხარდაჭერას დაპირდა.

კომენტარები