ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანმა თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმზე "მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივა წარადგინა

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება. ფორუმზე ფაშინიანმა თქვა, რომ მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება ძალიან ძნელი იქნება და სამხრეთ კავკასიის რეგიონს ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება. მისი თქმით, მშვიდობა არის როცა ქვეყნებს აქვთ გახსნილი საზღვრები, ეკონომიკური და კულტურული კავშირები და აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს დიალოგის საშუალებით უზიარებენ.  ფორუმზე ასევე იმყოფება აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი ალი ასადოვი. 

"ჩვენმა მთავროობამ "მშვიდობის გზაჯვარედინის" პროექტი შეიმუშავა, მიზანია განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, ირანს და თურქეთს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინსფრა ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების შენებით და მოდერნიზაციით" - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა "მშვიდობის გზაჯვარედინის" ძირითადი პრინციპები ჩამოთვალა:

1. ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო თუ ნავთობგადამტანი სისტემები ფუნქციონირებს შესაბამისი სახელწმიფოების იურისდიქციის ქვეშ, რომელსაც ისინი გადიან.

2. თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიის კვეთისას.

3. ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის.

4. ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით. ამ პრინციპზე დაყრდნობით, სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაციაც გახდება შესაძლებელი. 

ფაშინიანმა ასევე დაამატა, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს კვეთს და აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გზა გადის, რაც აღმოსავლეთს და დასავლეთს აკავშირებს. ფაშინიანის აზრით, ეს გზები ძალიან პერსპექტიულია კასპიის და ხმელთაშუა ზღვრების დაკავშირებისთვის და აღნიშნული პროექტები სასარგებლო იქნება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. 

ნიკოლ ფაშინიანმა თავისი გამოსვლის ბოლოს თქვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ რეგიონის ქვეყნები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდნენ. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი და შესაძლებელი გახდება რეგიონში სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობის დაწყება. 

კომენტარები