ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი ვაგნერელების მიერ სავარაუდო გადატრიალების მოწყობის მცდელობაზე ცნობებს იძიებს

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს მედია პუბლიკაციებს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დიდი რაოდენობით მებრძოლების სომხეთში ჩასვლის შესახებ. ამასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს ეროვნულ ასამბლეაში ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე – "ეძებს თუ არა უშიშროება ვაგნერელებს" – საპასუხოდ ისაუბრა.

"რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს ვაგნერელების ძებნასთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან უპასუხონ პრესაში გავრცელებულ პუბლიკაციებს და ეს არის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ნორმა. როგორც ვიცი, ასეთი პუბლიკაცია იყო ტელეგრამ-არხებში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს გამოქვეყნებულ ინფორმაციას მისი იურისდიქციის ფარგლებში და ამაში უჩვეულო არაფერია". - თქვა ფაშინიანმა.

აქამდე, ტელეგრამ-არხმა Bagramyan-26-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, კრემლის დამტკიცებული სცენარით, სომხეთში ჩასულმა ვაგნერის მებრძოლებმა მთავრობის დამხობის მიზნით სამხედრო გადატრიალება უნდა მოაწყონ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა სომხურ ტელეგრამ-არხში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ვაგნერის 3 000 მებრძოლი სომხეთში იმყოფება და ადგილობრივი ძალების მხარდაჭერით ფაშინიანის მეთაურობით მთავრობის დამხობას აპირებენ. ზახაროვას თქმით, ეს ინფორმაცია "კიდევ ერთი მითოლოგია და ტყუილია". 

ამასთან, Radio Azatutyun-ის თანახმად, ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა აღნიშნულ ბრალდებებს "სიგიჟე" უწოდა.

კომენტარები