ევროკავშირი-უნგრეთი

კანონის უზენაესობაზე პროგრესის არქონისთვის, უნგრეთი EU-სგან €18 მილიარდს კვლავ ვერ მიიღებს

ვიქტორ ორბანი
Photo: Simon Wohlfahrt/AFP via Getty Images

ევროკომისიის მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის ანგარიშის ახალი გამოცემის მიხედვით, უნგრეთს კვლავ არ აქვს აღმოფხვრილი დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რის გამოც ბრიუსელს უნგრეთისთვის კოჰეზიისა და აღდგენის ფონდიდან თითქმის €18 მილიარდი აქვს დაბლოკილი. 

ანგარიშში დადგინდა, რომ უნგრეთს "პროგრესი არ ჰქონია" წინა წელს გაცემული რვა რეკომენდაციიდან შვიდზე, მათ შორის, ლობირების წესების, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის კუთხით. 

"ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ არ ვიმყოფებით ისეთ პოზიციაში, რათა წინა წელს გაცემულ რეკომენდაციებზე პროგრესის შესახებ ანგარიში ჩავაბაროთ," თქვა ევროკომისარმა სამართლის საკითხებში, მაიკლ მაკგრათმა ანგარიშის წარდგენისას. 

მაკგრათმა განგაში ატეხა ქვეყანაში "გაუარესებულ მდგომარეობაზე" და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის "სამართლებრივ გაურკვევლობაზე." მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში მთავრობის მიერ პრაიდის აკრძალვასა და "უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ" წარდგენილ კანონპროექტზე, რომლის მიღებაც უკურეაქციის გამო გადაიდო. 

გამოცემა Euronews-ის ინფორმაციით, ამჟამად ევროკავშირს უნგრეთისთვის კოჰეზიის ფონდიდან €8.4 მილიარდი, ხოლო Covid-19 პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენისთვის შექმნილი აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმიდან (RRF) €9.5 მილიარდი აქვს გაყინული, რაც უნგრეთისთვის კვლავ ხელმიუწვდომელი დარჩება. 

მანამდე უნგრეთისთვის განიბლოკა გაყინული €10.2 მილიარდი მას შემდეგ, რაც მთავრობამ სასამართლო დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სასამართლოებში პოლიტიკური ჩარევის შესამცირებლად რეფორმა გაატარა. თუმცა, ევროკომისიის მხრიდან €10.2 მილიარდის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება საკამათო აღმოჩნდა და ევროპარლამენტმა ის გაასაჩივრა.

დანარჩენი €18 მილიარდი კი კვლავ გაყინული რჩება. 

კომენტარები