საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოსეფ ბორელის გადაწყვეტილებით, უნგრეთი ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო მინისტრების შეხვედრას წელს აღარ უმასპინძლებს. ბუდაპეშტის ნაცვლად შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება, მთავარი მიზეზი კი უნგრეთის უკრაინის ომთან დაკავშირებული პოზიციაა.
"გადავწყვიტე, საზაფხულო შესვენების შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები ბრიუსელში გავმართო. დღევანდელ FAC-ზე [საგარეო ურთიერთობათა საბჭო] ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უმრავლესობით გააკრიტიკეს უნგრეთის მხრიდან გულწრფელი და ლოიალური თანამშრომლობის ნაკლებობა." - წერს ბორელი X-ზე.
ბორელის თქმით, უნგრეთის ქმედებებს შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს, რისთვისაც "ჩვენ [ევროკავშირმა] უნდა გავუშვათ სიგნალი, თუნდაც ეს სიგნალი სიმბოლური იყოს".
მიმდინარე წლის 1 ივლისს უნგრეთმა ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, რომლის ფარგლებშიც ის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მასპინძელი უნდა ყოფილიყო.
ყოველ ნახევარ წელიწადში საბჭოს ახალი თავმჯდომარეობის ეგიდით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ატარებენ არაფორმალურ შეხვედრებს გლობალური საკითხების განსახილველად. შემდეგი შეხვედრა 28-30 აგვისტოს ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო.