საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ვარჰეისთან, საქართველო აძლიერებს კავშირებს EU-სთან

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს − ოლივერ ვარჰეის შეხვდა. საქართველოს მთავრობის ცნობით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს. 

"ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრემიერმინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. პრემიერმინისტრმა ევროკომისარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოლივერ ვარჰეისთან "ნაყოფიერი შეხვედრა" ჰქონდა.

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით" - წერს ღარიბაშვილი. 

კომენტარები