აშშ-ირანი

თეთრი სახლი: ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმების ხელშეწყობას აქტიურად ცდილობს

DREW ANGERER/GETTY IMAGES

6 ოქტომბერს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ირანი მარიონეტული დაჯგუფებების მეშვეობით აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმების განხორციელებას ცდილობს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ბრიფინგისას თქვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მსგავსი თავდასხმები გახშირდა:

"ჩვენ ბოლო კვირების, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებისა და შაბათ-კვირის განმავლობაში, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე, რომლებშიც ამერიკელი პერსონალი იმყოფება, ირანის მხარდაჭერილი მარიონეტული ჯგუფების მიერ დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული შეტევები ვიხილეთ" - თქვა კირბიმ.

მისი თქმით, ამერიკას კარგად ესმის, რომ აღნიშნულ ჯგუფებს, ასევე ჰეზბოლასა და ჰამასს, ირანი უმაგრებს ზურგს.

"ირანი ცდილობს ამ ქმედებებზე დამაჯერებელი უარყოფა შეინარჩუნოს, თუმცა აშშ მას ამის საშუალებას არ მისცემს და ასევე არ დაუშვებს, რომ ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ საფრთხეები უპასუხოდ დარჩეს", - დაამატა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდი და 2000 საზღვაო ქვეითი გაგზავნა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები