მთავარი არხი

მთავარი არხი: მესტიაში ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

მთავარი არხის ინფორმაციით, მესტიაში, სოფელ ხაიშში, მათ ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და ოპერატორს თავს დაესხნენ. მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა მათ კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. 

ემა გოგოხიას თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი ხეების კადრებს იღებდნენ. მისივე ინფორმაციით, თავს 12-მდე ადამიანი დაესხათ. 

"თავდამსხმელებს შორის არიან ის პირები, რომლებიც წარსულშიც ხის ჭრის თემის გადაღებისას თავს დაგვესხნენ. მაშინ პოლიციამ გამოავლინა ეს პირები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს ისინი თავს მეორედ დაგვესხნენ. ოპერატორი კარებთან მიამწყვდიეს და კამერა წაართვეს ხელიდან, მიკროფონი და ტელეფონი წამართვეს ასევე გადამცემი.

მაინც მოვახერხე 112-ისთვის დამერეკა, განწირულად შველას ვითხოვდი და 112 მეკითხებოდა რა უბანია და სიტუაცია აღმიწერე რა ხდებოდაო, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერთადერთი ვითხოვე ოპერატორისთვის ხელი არ დაერტყათ... დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ალყაში ვყავდით. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოვიძახეთ, ტექნიკა დაგვიბრუნეს იმ პირობით, რომ მასალას წავშლიდით. შემდეგ ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გავუშვებდით, საქმეს გაგვირჩევდნენ". - ამბობს გოგოხია. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

განახლება - მომხდართან დაკავშირებით გასაუბრებაზე ემა გოგოხია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მივა. 

კომენტარები