გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. დიპლომატმა პაპუაშვილს შეახსენა, რომ ევროკავშირი უმეტესწილად ეკონომიკური კავშირი არ არის.
"ბატონო სპიკერო, საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე გეთანხმებით. მაგრამ, ევროკავშირი უმეტესწილად ეკონომიკური კავშირი არ არის. ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 მუხლი: "ევროკავშირი დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებზე". მე-3 მუხლი: "ევროკავშირის მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობას, მის ღირებულებებსა და მისი ხალხის კეთილდღეობას". - წერს გერმანიის ელჩი X-ზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა.