კრიმინალი

დავაკავეთ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც 500 000 ზლოტი მოიპარა – პოლონეთის პოლიცია

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 500 000 ზლოტის (დაახლოებით 120 000 USD) მოპარვა ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ფულით სავსე ჩანთა მარტში მოიპარა, შემდეგ კი, ქვეყნის გარეთ იმალებოდა. საქართველოს მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად სამთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, 41 წლის კატოვიცელი ქალი ბანკიდან დიდი თანხის აღების შემდეგ, სახლში მანქანით ბრუნდებოდა. მან ავტომობილის მართვისას შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, რის გამოც, მოძრაობა შეწყვიტა. შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ ვიღაცამ ორი საბურავი გაუხვრიტა. მანქანაში დაბრუნებულ ქალს ფულით სავსე ჩანთა ადგილზე აღარ დახვდა.

მისლოვიცეს დეტექტივებმა ახლომდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და  სავარაუდო დამნაშავე დაადგინეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი უკვე "თავის სამშობლოში" იყო წასული. 

პოლონეთის პოლიციის ცნობით, მათ გამოძიება არ შეუწყვეტიათ და რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ვარშავის მახლობლად მდებარე ქალაქში, ერთერთ ბინაში საქართველოს მოქალაქე, 32 წლის მამაკაცი დააკავეს.

პოლონეთის პოლიცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მათი თქმით, კრიმინალები ბანკებთან, სავაჭრო ცენტრებთან ან ბანკომატებთან ახლოს არჩევენ "ძვირადღირებულ მანქანებს", შემდეგ აზიანებენ საბურავებს და აკვირდებიან მძღოლს.

"როგორც წესი, მძღოლი მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდება, რომ საბურავი აქვს დაზიანებული და ჩერდება შესამოწმებლად. ქურდები მირბიან მანქანასთან, იღებენ ძვირფას ნივთებს შიგნიდან და უჩინარდებიან ნაძარცვით" - წერს პოლონეთის პოლიცია და მოქალაქეებს აფრთხილებს, მანქანის შეკეთებისას კარი ჩაკეტონ.

კომენტარები