ოკუპირებული აფხაზეთი

მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – SCJ

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის მიერ ე.წ სიმბოლიკის დაწვისთვის დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, "არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით".

"ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო აპარატურის/მედიკამენტების მიწოდება და სხვა საჭირო ინტერვენციების განხორციელება"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან  მუშაობისკენ მოუწოდებს ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით. 


2020 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგამოძიებო სამსახურების მტკიცებით, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.  ირაკლი ბებუას 9-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს. 

კომენტარები