მასწავლებლის მკვლელობა საფრანგეთში

ლილუაშვილი არასში მასწავლებლის მკვლელის მამაზე: საფრანგეთს დახმარებისთვის არ მოუმართავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი თავდასხმაში ბრალდებულის მამის საქართველოში ყოფნას გამოეხმაურა და თქვა, რომ საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურს საქართველოსთვის დახმარების მოთხოვნით არ მიუმართავს.

"ამას იძიებს საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურები. მათ საქართველოსთვის სამართლებრივი დახმარებისთვის არ მიუმართავთ, მე როგორც ვიცი. სამართლებრივი დახმარების შესახებ, როგორც წესი, იგზავნება მოთხოვნა და ამის შემდეგ ხდება დაგეგმვა საგამოძიებო საქმიანობის. ასეთი, მე როგორც ვიცი, არ ყოფილა". - თქვა გიორგი ლილუაშვილმა.

აქამდე ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში, არასში მასწავლებელზე თავდამსხმელი ტერორისტის მამა ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. მედიის ცნობით, 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვის ისლამისტურ იდეოლოგიაზე გავლენა მამამ მოახდინა, რომელიც 2018 წელს საფრანგეთმა გააძევა და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.  

საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით, პოლიციამ მოჰამედ მოგუჩკოვი და მასთან დაკავშირებული კიდევ ორი პირი დააკავა - მოჰამედის 16 წლის ძმა მოვსარი და 15 წლის ბიძაშვილი, თავდასხმის ხელშეწყობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. მოვსარ მოგუჩკოვით საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო (DGSI) ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში დაინტერესდა, მაგრამ საფრანგეთის პროკურატურას სამართლებრივი დევნა არ დაუწყია.

თავად თავდამსხმელის, მოჰამედ მოგუჩკოვის წინააღმდეგ ასევე არსებობდა სამართლებრივი დავა საფრანგეთის პროკურატურაში, სადაც მას დედასა და დაზე ძალადობაში ედებოდა ბრალი, თუმცა საქმე დაიხურა, რადგან მოწმეებმა უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. 

კომენტარები