აფხაზეთი-რუსეთი

ყირიმსა და აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლა იგეგმება – რუსული მედია

Dmitry Feoktistov / TACC

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მარიონეტი ლიდერები აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლით არიან დაინტერესებულები და მზად არიან, "აფხაზეთის ტურიზმის გაფართოებას", მათ შორის სამგზავრო ხომალდების კომეტების მიწოდებით დაეხმარონ. 

ამის შესახებ ყირიმის განვითარების ფონდის ვიცეპრეზიდენტმა შპს Resort-ის გენერალურმა დირექტორმა ვასილი დიაჩენკომ ისაუბრა, როდესაც სოხუმში ტურისტული ფორუმის Visit Apsny-ს ფარგლებში იმყოფებოდა

"აფხაზეთს დიდი პერსპექტივები აქვს, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ლოჯისტიკაა. ტურისტული ნაკადების საზღვაო გაფართოება შესაძლებელია და ამაში ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენ გვყავს თანამედროვე, ხმაურისგან იზოლირებული კომეტები, რომლებიც ამჟამად დაცურავენ გელენჯიკი - ნოვოროსიისკი - სოჭის მიმართულებით და მომავალი სეზონისთვის გვინდა გავაგრძელოთ ეს მარშრუტი სოჭიდან სოხუმამდე, რაც გაზრდის ტურისტების ნაკადს". - თქვა დიაჩენკომ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უკვე მეორე დღეა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან.

"რაღაც უნდა გაკეთდეს გემებთან დაკავშირებით და ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ აფხაზეთის ტურისტულ ნაკადს და, სავარაუდოდ, აღვადგენთ ძველ ისტორიას, როდესაც საბჭოთა კავშირის ყოფილი საზღვაო ქალაქები კომეტებმა გააერთიანა". - თქვა დიაჩენკომ.

როგორც რუსული მედია წერს, Visit Apsny-ის ფორუმს "რუსეთიდან და აფხაზეთიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები" ესწრებიან და იგი 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

კომენტარები