პრეზიდენტის იმპიჩმენტი

საია: პრეზიდენტი მოქმედებდა 78-ე მუხლის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპოიჩმენტის პროცედურის დაწყება უსაფუძვლოა, რადგან სალომე ზურაბიშვილი მოქმედებდა კონსიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად.

კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

"უსაფუძვლოა პრეზიდენტის  მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება". - წერს საია.

ამასთან ერთად, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, პარლამენტს არ აქვს ვალდებულება გადააყენოს საქართველოს პრეზიდენტი. 

"პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს. იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ელემენტების მქონე პროცესს წარმოადგენს. სამართლებრივი მხარე იკვეთება მისი დაწყების საფუძვლებში და სასამართლოს მიერ მათ დადასტურებაში, ხოლო პოლიტიკური კი - საპარლამენტო ორგანოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ პარლამენტი ვერ შეძლებს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში (დასკვნის მიღებიდან 2 კვირაში) პრეზიდენტის გადაყენებას იმპიჩმენტის წესით, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.  შესაბამისად, სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად კონსტიტუციის დამრღვევია, თუმცა მაინც თანამდებობაზეა. ეს აიხსნება იმით, რომ იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური და საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია". - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

მათივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართელოსთვის მინიჭების მსჯელობის მომენტში მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისთვის ვიზიტებში ხელშეშლა, "თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს".

16 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მერაბ ტურავამ გამოაცხადა. განსხვავებული აზრი მხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდათ.

კომენტარები