პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ზარქუა არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე არ გაიტანონ

ირაკლი ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა  სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ გაიტანოს.

"არ გვიმსჯელია, მაგრამ არ გამორიცხოთ" - უპასუხა ზარქუამ TV პირველის კითხვას, "შესაძლოა, იმპიჩმენტის საკითხი საერთოდ არ დააყენოთ?". დეპუტატის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების მიზანი იმის დაფიქსირება იყო, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. 

"იცის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, თვითონ პრეზიდენტმაც იცის, რომ კონსტიტუცია დაარღვია... კობახიძის ლექცია, რასაც უტარებდა პრეზიდენტის წარმომადგენლებს - ორჯერ ორი, ოთხია. პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და მოლოდინი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოც დაადასტურებს. 

კენჭისყრის თემაზე ჩვენ ვთქვით. ეს არ არის მიზანი, რომ მოვაგროვოთ 100 ხმა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველას, არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსის იქნება ესა თუ ის თანამდებობის პირი, ვინც დაარღვევს კონსტიტუციას, ეს გვინდოდა დაგვეფიქსირებინა" - თქვა ირაკლი ზარქუამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 16 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს. 

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

კომენტარები