რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ სომხეთი დსთ-დან გასვლას არ აპირებს.
"რამდენადაც მესმის, სომხეთი დსთ-დან არსადაც არ გადის". - უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს, რომლებმაც კითხვა დსთ-ს სამიტზე ნიკოლ ფაშინიანის არყოფნასთან დაკავშირებით დაუსვეს.
ინტერფაქსის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა.
"ჩვენ ტელეფონით შევხმიანდით და ვისაუბრეთ, მათ შორის, დღევანდელ სამიტთან დაკავშირებით. იქ არის საკითხები, რომლებიც აბსოლუტურად გასაგებად მიმაჩნია, მაგრამ ახლა მათზე არ ვისაუბრებ. ჯობია სომხეთის პრემიერმინისტრს ჰკითხოთ". - თქვა პუტინმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე გეგმავს თუ არა უახლოეს მომავალში ფაშინიანთან შეხვედრას, პუტინმა უპასუხა, რომ ორივე მხრიდან მოწვევა არის, თუმცა შედგება თუ არა შეხვედრა დაზუსტებით თქმა არ შეუძლია.
"ჩვენ ყველაფერი გვესმის, ყველანი ზრდასრულები ვართ, გვესმის, რა ხდება იქ. ის ყარაბაღელი სომხების ტრაგედიაა. მას ახლა, ალბათ, მოგზაურობისთვის არ სცალია. მაგრამ ვრჩებით კონტაქტზე, ვმუშაობთ მასთან, მუდმივად კავშირზე ვართ, ამიტომ, შეიქმნება ნორმალური სიტუაცია და მე ჩავალ მათთან და ისინი ჩამოვლენ აქ". - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრას არ დაესწრო სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთის პოლიტიკური კურსის ცვლილებას ხაზი გაუსვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.
"თავდაპირველად ჩვენი გაერთიანებიდან გავიდა საქართველო, დე ფაქტოდ ჩვენთან არ არის უკრაინა. დიდი კითხვის ნიშნებია მოლდოვასთან დაკავშირებით. ყოველთვის პარტნიორული ქცევა არ აქვს, სამწუხაროდ, სომხეთს". – თქვა ლუკაშენკომ.