საქართველო-რუსეთი

პუტინმა დსთ-სთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დამოკიდებულებაზე ისაუბრა

ვლაიდიმირ პუტინი დსთ-ს სხდომაზე 2023 წლის 13 სექტემბერი.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს საქართველოს, უკრაინისას და მოლდოვის ამ ორგანიზაციასთან დამოკიდებულებებზე ისაუბრა

"ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ადრე, ან შეიძლება დღესაც, დსთ-ში შედის, ამ ფორმატში არ მუშაობენ. მაგრამ რისი თქმა მინდა. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა წარუმატებლად სცადა გადაეჭრა რაღაც საშინაო პრობლემები ძალის მეშვეობითა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით და ამ ავანტიურის შედეგების შემდეგ". – თქვა პუტინმა საქართველოს მიერ დსთ-ს დატოვებასთან დაკავშირებით. 

უკრაინასთან დაკავშირებით პუტინმა თქვა, რომ "უკრაინამ ოდესღაც მოაწერა ხელი დსთ-ს ძირეულ დოკუმენტებს, მაგრამ სრულ ფორმატში არ ჩაერთო " და თავიდანვე "უარი თქვა სრულმასშტაბიან თანამშრომლობაზე".

პუტინმა უკმაყოფილება გამოხატა მოლდოვასთან მიმართებაშიც. ამ ქვეყანას დსთ-ს დატოვების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებული აქვს. პუტინის მტკიცებით, მოლდოვამ იდენტობა დაკარგა.

"ხოლო ქვეყანამ, რომელიცაა მოლდოვა, პრაქტიკულად საკუთარი იდენტობა დაკარგა. ამ ქვეყნის ელიტა საერთოდაც თვლის, რომ ისინი არა მოლდოველები, არამედ რუმინელები არიან. მაგრამ ეს მათი არჩევანია, იდენტობის სრული დაკარგვა - ეს მოლდოვის დღევანდელი ხელისუფლების არჩევანია. მაგრამ მათ, ვიმეორებ, ასე სურთ, ვერავინ შეუშლის ხელს, თავად მოლდოვის ხალხის გარდა, თუ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები რომლებიც მოლდოველებად თვლიან თავს". – თქვა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ იდენტობის შენარჩუნება შესაძლებელია დსთ-ში.

"ეს თითოეული ჩვენგანის არჩევანია: გვსურს საკუთარი იდენტობის შენარჩუნება თუ არა? დსთ-ს ფარგლებში მუშაობა ამის საშუალებას გვაძლევს და პირიქით, აძლიერებს ჩვენს პოზიციებს, ისე, რომ არ ეშლება ხელი ერთმანეთთან თანამშრომლობასა და საკუთარი ეროვნული თავისებურებების პატივისცემას". – დაამატა პუტინმა. 

დსთ-ს ლიდერების შეხვედრას არ დაესწრო სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთის პოლიტიკური კურსის ცვლილებას ხაზი გაუსვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.

"თავდაპირველად ჩვენი გაერთიანებიდან გავიდა საქართველო, დე ფაქტოდ ჩვენთან არ არის უკრაინა. დიდი კითხვის ნიშნებია მოლდოვასთან დაკავშირებით. ყოველთვის პარტნიორული ქცევა არ აქვს, სამწუხაროდ, სომხეთს". – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები