ყაზახეთი

ასტანაში გაასამართლებენ სტუდენტ-მედიკოსს, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს ფეკალიებს აჭმევდა

Orda.kz

ყაზახეთში დაიწყო სასამართლო დავა სტუდენტი-მედიკოსის წინააღმდეგ, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს სასტიკად ეპყრობოდა. 

ეჭვმიტანილი ჰოსპის AMARA Investment-ში და საბავშვო-სარეაბილიტაციო ცენტრ Astana City Group-ში ონკოლოგიურ და მცირეწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებთან მუშაობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაკოვან ონკოლოგიურ პაციენტებს, რომელთაც დემენცია ჰქონდათ ეჭვმიტანილი სასტიკად სცემდა და ასევე ფეკალიებს ძალით აჭმევდა. რაც შეეხება ბავშვებს მედიკოსი მათ სცემდა და უყვიროდა.

"არსებობს ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ სცემს ბრალდებული მოხუცებს, ზოგ მათგანს კი საკუთარი ფეკალიების ჭამას აიძულებს. ის ამ ვიდეოებს მეგობრებს უგზავნიდა. როგორც კი კლინიკაში ამის შესახებ შეიტყვეს, სტუდენტი გაათავისუფლეს". –  ამბობს ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატი.

ასტანის გამომძიებლები საქმეზე ერთი წელი მუშაობდნენ. გამოძიების მსვლელობისას ბრალდებულმა დაზარალებული პაციენტების ნათესავებთან მორიგება შეძლო და სასამართლომდე მხოლოდ სამი საჩივარი მივიდა. ორი საჩივარი აწ უკვე გარდაცვლილი ასაკოვანი პაციენტების ახლობლებს, ხოლო ერთი 4 წლის ბავშვის მშობლებს ეკუთვნის. 

"მას ფსიქიკური დარღვევა აქვს. ვერ ვიფიქრებდით, რომ ასეთი მშვიდი ბიჭი სადისტი აღმოჩნდებოდა. კამერების ჩანაწერებში ვნახეთ, როგორ სცემდა და უყვიროდა ბავშვებს. ამ ამბების შემდეგ ჩემს შვილს თეთრხალათიანი ადამიანების ეშინია და მათ დანახვაზე ტირილს იწყებს". – ამბობს დაზარალებული ბავშვის დედა.

გამოძიების მსვლელობისას სტუდენტმა სამედიცინო სასწავლებელი დაამთავრა და ექიმის დიპლომი მიიღო. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მედიკოსს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები