დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აშშ-მ ისრაელის დასაცავად რეგიონში რეაქტიული თვითმფრინავები განათავსა

A-10 Thunderbolt (Warthog)

12 ოქტომბერს აშშ-მ რეაქტიული თვითმფრინავები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ალ დაფრას საჰაერო ბაზაზე განათავსა

მოიერიშე A-10 თვითმფრინავებით დაკომპლექტებული ესკადრონი რეგიონში ტერორისტების მხრიდან დამატებითი თავდასხმების შესაჩერებლად და კონფლიქტში სხვა ჯგუფების, როგორიც არის ჰეზბოლა, ჩართვის თავიდან ასარიდებლად ჩავიდა. 

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ცნობით, ისრაელისთვის დაპირებული სხვა ესკადრონები რეგიონში შემდეგ კვირამდე განლაგდებიან. 

მანამდე, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ სანამ ამერიკა იარსებებს, ისრაელს არასდროს მოუწევს თავის მარტო დაცვა.

გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა აშშ-ს მიერ ისრაელისთვის გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. მისი თქმით, ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პირველი ტრანში უკვე ისრაელშია, ხოლო დახმარების დამატებით სხვა პაკეტები - გზაში. 

"შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს კონგრესში ისრაელის უსაფრთხოებაზე აბსოლუტური, ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს". - თქვა ბლინკენმა. 


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები