ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში 3 600 ტერორისტული სამიზნე დავბომბეთ

ისრაელიდან ღაზის სექტორის დაბომბვა
Mohammed Saber/EPA-EFE

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, ღაზის სექტორში 3 600 ტერორისტულ სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

IDF-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში განხორციელებული დარტყმების ძირითადი სამიზნე ჰამასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ტერორისტული ჯგუფის სხვა წევრები იყვნენ.

ისრაელის თავდაცვაში ამბობენ, რომ ისინი თავს ესხმიან ღაზის სექტორში ჰამასის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სამხედრო შტაბებს, იარაღის წარმოების ცენტრებსა და ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელობას. 


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები