დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

გაერთიანებული სამეფო ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ეკავუაციას იწყებს

გაერთიანებული სამეფო ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს – აღნიშულის შესახებ განცხადება დღეს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ ისრაელის ტერიტორია და ევაკუაციის მიზნით ისრაელიდან ფრენების დანიშვნა დააანონსა.

ამასთანავე, დღეს, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰამასის დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს (ISIS) შეადარა. 

"ისევე როგორც ისლამური სახელმწიფო, ჰამასიც მიწასთან იქნება გასწორებული". –თქვა ნეთანიაჰუმ ამერიკის შეერებული შტატების სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან საუბარში. 

ისრაელის მთავრობის მიხედვით, სანამ ჰამასი ყველა ტყვეს არ გაათავისუფლებს, მანამდე მათ არ მიაწვდიან არც ელექტრო ენერგიას, არც საწვავსა და წყალს. მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ გაეროსთვისაც ცნობილია. 

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები