ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სირიის სამთავრობო მედია: ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო იერიში მიიტანა

დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი, სირია
Louai Beshara/AFP

სირიის სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელმა, სავარაუდოდ, სირიის ალეპოსა და დამასკოს საერთაშორისო აეროპორტებზე საჰაერო იერიში მიიტანა. Times of Israel-ის ცნობით, სირიის სამთავრობო რადიოსადგურ Sham FM-ზე თქვეს, რომ სირიის საჰაერო თავდაცვა ისრაელის თავდასხმის მოგერიებას ცდილობდა. 

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოცემა Reuters წერს, რომ სავარაუდო იერიშის მიზეზი სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე იერიშის მიტანა იყო.

სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სირიაში დაგეგმილ ვიზიტამდე გავრცელდა. 


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ ქიფურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები