რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად სოფელ გროზაში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით 53 წლის ქალი, რომელიც აქამდე რეანიმაციაში იმყოფებოდა გარდაიცვალა.
გროზაში დაღუპულთა რიცხვი ამ ეტაპზე საბოლოო არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზრდება.
5 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად განადგურდა კაფე, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. კაფეში ადამიანები ქელეხს ესწრებოდნენ. სულ დაბომბვისას 55 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სულ სოფელ გროზაში 330 ადამიანი ცხოვრობს, სარაკეტო იერიშს ყოველი მეშვიდე მაცხოვრებელი შეეწირა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც იერიშს საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული უწოდა.
"საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული – სარაკეტო დარტყმები ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, აბსოლუტურად შეგნებული ტერაქტია. ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი. ამჟამინდელი მონაცემებით, ცნობილია 49-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. დაშავებულები დახმარებას იღებენ, ტერორისტებს კი, ვუპასუხებთ, აბსოლუტურად სამართლიანად და მძლავრად. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს ამ დრომდე მხარს უჭერს, მხარს უჭერს ბოროტებას. მსგავსი ტერაქტები რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთისთვის, აქციოს თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად მთელი მსოფლიოსთვის. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა ერის, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში".
ხარკოვის ოლქში 6-8 ოქტომბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 5 ოქტომბრის ხარკოვის დაბომბვას ომის დანაშაული უწოდა.
6 ოქტომბერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაბომბვის საკითხზე რუსეთის ელჩი დაიბარა.
გაეროს სპეციალურ სხდომაზე რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ კაფეში უკრაინელი ნაციონალისტები იმყოფებოდნენ.
11 ოქტომბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სოფელ გროზის დაბომბვის კოორდინირებაში ეჭვმიტანილი პირები გამოავლინა.





