ვიქტორ ორბანის ვიზიტი

პრემიერი: საქართველოს და უნგრეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა

ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში
Garibashvili.ge

საქართველოს მთავრობამ უნგრეთის დელეგაციას უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უნგრეთის და საქართველოს პრემიერმინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის “არსებული მჭიდრო პარტნიორობა”. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა, რაც რეგულარულ ვიზიტებსა და დარგობრივ თანამშრომლობაში გამოიხატება”.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი იყო. მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს “ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას”. პრემიერმინისტრმა გაუსვა ხაზი, რომ “წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიან და დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას” ელოდება.

“გვაქვს პრივილეგია, ვუმასპინძლოთ უნგრეთის უმაღლეს დელეგაციას. ჩვენი ერები იზიარებენ მრავალხნიან პარტნიორობას და ძლიერ მეგობრულ კავშირს. Მადლობელი ვართ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ამ გადამწყვეტ პერიოდში”, - დაწერა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი X-ის (ყოფილი Twitter) ოფიციალურ გვერდზე. 

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოში 10 ოქტომბერს, ცოლთან - ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. უნგრეთის პრემიერმა 6 ოქტომბერს, გრანადაში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის ყველაზე ერთგული მხარდამჭერია და სწორედ ამის სადემონსტრაციოდ ჩამოდის თბილისში.

"თქვენი წევრობის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი [ვარ]. სრულიად უსამართლოა, რომ არ გპირდებიან, რომ [ევროკავშირის წევრი] გახდებით რაც შეიძლება მალე, იმიტომ, რომ კარგად იმუშავეთ. ძალიან გვჭირდებით". - თქვა ორბანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა გახდა გასულ წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მიზეზი, ორბანმა თქვა, რომ ეს ევროკავშირის ლიდერების "ეგოიზმით" იყო განპირობებული.

კომენტარები