ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

EU განმარტავს, რომ პალესტინის დახმარება არ შეჩერებულა

9 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა პალესტინელებისთვის დახმარების გამოყოფის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ევროკავშირში ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. 

დაბნეულობა ევროკავშირის წარმომადგენლის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, პალესტინელებისთვის დახმარება "დაუყოვნებლივ შეჩერდა" და ეს საკითხი გადაიხედებოდა.

ესპანეთმა, პორტუგალიამ და ლუქსემბურგმა გავრცელებული განცხადების მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვეს.

ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, "ევროკომისიის წევრის მიერ მიღებულ ცალმხრივ გადაწყვეტილებას არანაირი ლეგალური საფუძველი გააჩნია და ჩვენ არ ვემხრობით დახმარების გაუქმებას". 

საბოლოოდ ევროკომისიამ განმარტა, რომ პალესტინისთვის ჰუმანიტარული დახმარება კვლავ ძალაშია, მაგრამ მიმდინარეობს გადახედვის პროცესი, რათა "დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის დახმარება ირიბად ხელს არ შეუწყობს რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას ისრაელზე თავდასხმის განხორციელებაში".

აღნიშნული დახმარება პალესტინისთვის 691 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტს მოიცავს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები