ეროვნული ბანკი

სებ: წელს თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით დაბალია

საქართველოს ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ წელს თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია. მათივე თქმით, სებ-ში ამჟამად 600-მდე თანამშრომელი მუშაობს.

შესაბამისი განცხადება სებ-მა ტაბულას გამოუგზავნა მას შემდეგ, რაც ბანკის წარმომადგენელმა საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსის, ეკა ბერიანიძის სებ-იდან წასვლა დაადასტურა. 

"ადამიანური კაპიტალის ცვლილება/განახლება ნებისმიერი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციის თანმდევი, ბუნებრივი პროცესია.

ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ეროვნული ბანკის 40-მდე თანამშრომელი საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო სექტორის წამყვან კომპანიებში დასაქმდა და მენეჯერულ პოზიციებზე გააგრძელეს საქმიანობა.

2023 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის 5 მიმართულების - ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, საზედამხედველო პოლიტიკის, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის, სპეციალიზებული რისკებისა და იურიდიული დეპარტამენტების უფროსებმა საქმიანობა გააგრძელეს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ცნობისთვის: თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია. ეროვნულ ბანკში ამჟამად 600-მდე თანამშრომელია და ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას". - აცხადებენ სებ-ში.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეს წესი აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ შემოიტანეს, 20 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს. სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი, მალხაზ ღუღუნიშვილი ეყოლება. სებ-ის განმარტებით, ამ დრომდე ეროვნული ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა. 

ღუღუნიშვილი აქამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამ პოზიციაზე მას გიორგი ფერაძე ჩაანაცვლებს.

ეროვნული ბანკი მოგვიანებით დატოვა ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც.

გარდა ამისა, გუშინ, 10 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ქუსიკაშვილმაც დატოვა.

კომენტარები